სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე იგორ აფციაური აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც wizz air-ის ქუთაისის ბაზაზე არიან დასაქმებული, სამსახურის გარეშე დარჩებიან.
მისი თქმით, ეს მთავრობის იმ გადაწყვეტილების შედეგია, რომლის თანახმადაც საქართველოდან ევროპის მიმართულებით 1-ლი ივლისიდან ფრენების აღდგენა გადაიდო. აფციაურის განმარტებით, ავიაკომპანიები იძულებული გახდნენ, კომერციული ხარჯების შესამცირებლად ბაზები გაეყვანათ.
„დაახლოებით ორასამდე ადამიანი იყო დასაქმებული. ეს იყო როგორც ჩვენი მფრინავები, რომლებიც wizz air-ის ბორტებით დაფრინავდნენ, ასევე ეკიპაჟი, მიწაზე ვინც მუშაობდა, ოფისში. რა თქმა უნდა, wizz air-ი არის სერიოზული კომპანია და შეეცდება, თავის ქსელში შესთავაზოს სხვადასხვა ბაზებზე და აეროპორტებში მუშაობა, თუმცა ისედაც ძალიან რთული პერიოდია მოგეხსენებათ და ისედაც ძალიან ჭირს კადრების შენარჩუნება. ამიტომ რამდენად ექნებათ საშუალება, რომ თავის ქსელში გაუშვან საქართველოს მოქალაქეები, გამიჭირდება ამის თქმა. ეს რომც მოხდეს, ქვეყნისთვის ცუდია, რადგან კიდევ ერთხელ მოხდება კადრების გადინება საქართველოდან“, - განაცხადა იგორ აფციაურმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ავიაკომპანია Wizz Air-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია ფრენების აღდგენისთანავე მზადყოფნას გამოხატავს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის მგზავრების გადაყვანა განახორციელოს. მიუხედავად ამისა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რჩება თუ არა Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში.
ქუთაისში wizz air-ის ბაზების დახურვის შესახებ ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიზეზი საზღვრის გახსნასა და რეგულარული ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებული მცდარი გადაწყვეტილებებია.