აფხაზეთიდან გადმოსული კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის ქალის შვიდი კონტაქტი ოკუპირებუი ტერიტორიიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს - განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა.
მისი თქმით, ამჟამად ამ ადამიანების დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ესენი არიან ის პირები, ვისაც ჰქონდა ამ ქალბატონთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ცნობილია, რომ ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე 81 მოქალაქე, ვითიზოლაციაში კი 224 პირი იმყოფება. მთელი რეგიონის მასშტაბით, 496 ადამიანს კი მოეხსნა თვითიზოლაცია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 7 ადამიანი:
,,აქედან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა - შუახნის მამაკაცი, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ. ასევე ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედა-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები“,-აცხადებს მოწერელია.
სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზედაეწერში თერმოსკრინინგიც. მისივე განმარტებით, საკომენდანტო საათის პერიოდში რეგიონში 2 პირი დაჯარიმდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში და დაიცვან ის რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ.