აქტივისტები ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და საქალაქო სასამართლოში ერთდროულად იკითხებოდნენ. გამოძიებამ შეამოწმა პირადი მიმოწერა, სტატუსები და კომენტარები სოციალურ ქსელებში.
დაკითხულები და მათი უფლებადამცველები სუს-ს უყვებიან, რომ სიტუაციის დაძაბვა მესამე ქვეყნის ინტერესებშია და ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის დაპირისპირებაში რუსული სპეცსამსახურები არიან ჩართული.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ სუს-ი წინასაარჩევნოდ გააქტიურდა და აქტიური მოსახლეობის დაშინება უნდა. ჯერ-ჯერობით დაკითხული არ არის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მეუფე გიორგი, რომლის განცხადების შემდეგ დაიწყო გამოძიება.
საქმე გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციას უკავშირდება. პროცესი კანონდარღვევით წარიმართა, თუმცა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე არც ამ ბრალდებას აღიარებს და არც სუს-ში გამოკითხვაზე ყოფნას, არადა ის აქტივისტებმა ნახეს.