ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მოითხოვს, რომ ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვოს.
პლენარული სხდომის მიმდინარეობისას აქუბარდიამ პაპუაშვილს მიმართა და თქვა, რომ გუშინ მომხდარის შემდეგ ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს.
"ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი ეპითეტები კოლეგებზე გამოიყენოს და გამოიყენოს ეს პარლამენტის ტრიბუნიდან და ამ შემთხვევაში, მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, ის არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ მაგრამ დისკრედიტაცია მან რაც წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ, საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ, ეს მოუბრუნდა მას და ამით მან დაამთავრა როგორც თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე არ მგონია, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. თქვენთვისვეა უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს და მოვითხოვ, მან დატოვოს თანამდებობა"- თქვა აქუბარდიამ.
31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
გამოსვლის ბოლოს ბერაიამ აქუბარდიას ასე მიმართა: "მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.