logo
ENG



აქუბარდიას თქმით, კვორუმისთვის ოცნების დეპუტატები სხვის პულტებს იყენებდნენ

11 ივნ 202414:17
3 წუთის საკითხავი
 

დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, იმისათვის რომ პლენარული სხდომის დასაწყებად კვორუმი შემდგარიყო, ქართული ოცნების დეპუტატები რეგისტრაციის დროს სხვების პულტებს იყენებდნენ.

პლენარული სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია, სხდომის დასაწყებად დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ - 76-მა რეგისტრაცია ვერ გაიარა. ორი მცდელობის შემდეგ სხდომის დაწყების დრომ და ხელახალმა რეგისტრაციამ 15:00 საათისთვის გადაინაცვლა.

ფორმულას საპარლამენტო ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე არ იყვნენ ქართული ოცნებიდან კახა კახიშვილი და დიმიტრი სამხარაძე, თუმცა რეგისტრაციის ფურცლებზე მათი სახელები გამოჩნდა.

აქუბარდიას თქმით, შემდეგი სხდომისთვის რეგლამენტიდან გამომდინარე მოითხოვს, რომ მანდატურმა ადგილზე გადათვალოს დეპუტატები, რათა სხვისი პულტის გამოყენება გამოირიცხოს.

"პირველ ეტაპზე, როდესაც მარტო მე ვიყავი ოპოზიციიდან დარბაზში და გვიარე რეგისტრაცია, ტაბლოზე 71 დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ მანიპულაციური იყო ეს და სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რისი მტკიცებულებაც არის კვორუმის ფურცლებზე", - თქვა აქუბარდიამ.

სხდომათა დარბაზი დღეს დატოვა გირჩმაც. როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ლგბტ კანონის მისაღებად კვორუმს არ შეავსებენ:

"ჩვენ ზოგადად, ძალიან გვინდოდა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით სარგებლობა, მაგრამ თან ვიცით, რომ 18 ლგბტ კანონია შემოტანილი, რომელიც ქართულ ოცნებას ძალიან უნდა რომ მიიღოს. და უნდა, რომ მარტო თვითონ მიიღოს, არავინ უნდა, ასეთ წმინდა საქმეში გარიოს. გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით ქოცებს ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა".


close დახურვა