logo
ENG



აქციაზე, პოლიციის მხრიდან ძალადობრივად დაკავების დროს, აქტივისტმა გონება დაკარგა

11 თებ 202123:19
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე, სამართალდამცველების მხრიდან დაკავების მცდელობის დროს ცუდად გახდა და გონება დაკარგა. მუმლაძე მოძრაობა საქართველოსთან ერთად ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე სისტემის ჩავარდნასა და არაეფექტურ გამოძიებას აპროტესტებდა. 

სამართალდამცველებმა ჯგუფურად მუმლაძის დაკავება მაშინ სცადეს, როდესაც აქტივისტი აქციის მონაწილეებთან ერთად ქართული ოფისის შენობის წინ წარწერებს აკეთებდა. მუმლაძე ტვ პირველთან საუბარში ყვება, რომ მისი დაკავება პოლიციელებმა ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით სცადეს, რის გამოც მან გონება დაკარგა. 

"დაკავება დაიწყეს ჩვენით, დავალებული ჰქონდათ პირდაპირ", - ყვება მუმლაძე, - "გონება დავკარგე იმიტომ, რომ სუნთქვა ვერ შევძელი. იმდენი ადამიანი მაწვებოდა, იმდენი ადამიანი მიჭერდა ყელში, წელის არეში, ყველგან". 

აქციის მონაწილე სხვა აქტივისტები კი ყვებიან, რომ მუმლაძის დაკავების მცდელობისას, პოლიციელები მას ყელში უჭერდნენ, მათი თქმით, მუმლაძეს სიცხე და ტაქიკარდია აღენიშნება. 

"ნახევარი საათის წინ, აქციაზე გიორგი მუმლაძე პოლიციელი (სავარაუდოდ გოგა მემანიშვილი) გუდავდა", - წერს Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ნონიაშვილი", - "გიორგი გახდა ცუდად. გული შეუწუხდა. გახდა მოსასულიერებელი. აქვს სიცხე და ტაქიკარდია. სასწრაფოც მივიდა. უკეთ არის ახლა". 

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგონას ბაბუის თქმით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. 

მისი თქმით, პირველი ინციდენტის დროს, გარდაცვლილს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც არ მიუწოდებია. მეორე შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა, რის მერეც, გოგონას ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს. 

გარდაცვლილის ბაბუა იხსენებს, რომ დანაშაულის შეტყობინების მიუხედავად, სამართალდამცავმა უწყებებმა ოჯახისთვის ექსპერტის დასკვნის გადაგზავნა მნიშვნელოვნად დააგვიანეს. 

სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, დღეს დააკავეს.  მას ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა", - ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში. 

14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა