logo
ENG



აქციაზე დაშავებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ერთ თვალში მხედველობა დაკარგა

10 მარ 202317:21
3 წუთის საკითხავი
 
ლაშა ჩაგელიშვილი

აქციაზე დაშავებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ზაზა ბირიაშვილმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. ბირიაშვილი 7 მარტს პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მივიდა.

მისმა ცოლმა, მაია გორგოშიძემ გამოცემა "პუბლიკას" უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა.

"თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ მხედველობა ვეღარ, აქვს ტვინის შერყევა, წარბი აქვს გადაგლეჯილი, სავარაუდოდ მოწამვლაც არის, ძალიან ცუდად არის. ახლა კი გაგვწერეს და სახლში მივდივართ, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანი გავიდა სახლიდან და დაბრმავებული მიმყავს სახლში", – ამბობს მაია გორგოშიძე.

პუბლიკა წერს, რომ ის მკურნალობას "ნიუ ჰოსპიტალში" გადიოდა, დღეს კი გამოწერეს. ქალის თქმით, ოპერაციის ხარჯების ასანაზღაურებლად ხელშეკრულება გააფორმეს, რომ თანხას ერთ თვეში დაფარავენ. მაია გორგოშიძე ამბობს, რომ თანხის მოთხოვნით სავარაუდოდ გამგეობას მიმართავს.

"საყოველთაო დაზღვევამ დაფარა ნაწილი, ამ წუთში არ მქონდა რომ სრულად გადამეხადა, წამლებიც მჭირდება სახლში რომ წავალთ, დამატებით ექიმის კონსულტაცია გვჭირდება", – უთხრა პუბლიკას მაია გორგოშიძემ.

დღეს ამ თემაზე ჰკითხეს შს სამინისტროს მაღალჩინოსანს თეიმურაზ კურტანიძეს. მან თქვა რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ძალის შესაძლო გადამატებაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება აქვს დაწყებული. ცნობისთვის დაშავებულების საერთო რაოდენობის შესახებ ცნობას არც გომელაურის უწყება და არც ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებენ.

ფორმულამ სცადა დაშავებულის ცოლთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. 


close დახურვა