logo
ENG



აქციებსა და მოლაპარაკებების III რაუნდზე სამსჯელოდ ოპოზიცია ლელო-ს ოფისში იკრიბება

15 ნოე 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კონსულტაციებისთვის ლელო-ს ოფისში იკრიბებიან. შეხვედრა 15:00 საათზეა დანიშნული.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიცია გაცხადებული მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.  

"კონსულტაცია ეხება ჩვენს მომდევნო ნაბიჯებს. ჩვენ მომდევნო სამი აქცია უკვე დაანონსებული გვაქვს - ერთი როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იქნება თბილისში, მეორე ცოცხალი ჯაჭვი და შემდეგ უკვე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს დიდი აქცია. ჩვენი შეხვედრები ეხება სწორედ აქციების დაგეგმვას, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს. ვაპირებთ, დიალოგში ჩართულები ვიყოთ და ჩვენი მიზნისთვის, რაც არის დეკლარირებული ყველაფერს ვაკეთებთ, ეს არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაცია ცესკოში და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სავარაუდოდ, ოპოზიცია და ხელისუფლება აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების III რაუნდს გამართავს, თუმცა, უცნობია, როდის. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გუშინ, 14 ნოემბერს, ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი გაიმართა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ოპოზიციის ნაწილმა იმას, რაც ოცნებისგან მოისმინა, აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა, თუმცა, არც ერთი პარტიის ლიდერს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

პარტიების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი, დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 

მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, რომ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა და კამერების ჩანაწერების ამოღება შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არც განიხილავს, ვინაიდან, მათი თქმით, ამან აზრი დაკარგა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ხელისუფლებამ თვითონ თქვა უარი ხმების გადათვლაზე მაშინ, როცა საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

ოპოზიცია კვლავ ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნით უკვე 3 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. 

მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 15 ნოემბერს ბათუმში გაიმართება, ასევე იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება 17 ან 18 ნოემბერს, თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად. 


close დახურვა