რიგი ქვეყნები უკვე მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ.
აშშ-ს საელჩო მოსკოვში ავრცელებს განცხადებას და მიმართავს მოქალაქეებს, რომ მობილიზაციის გამო რუსეთიდან წავიდნენ.
"აშშ-ს მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ რუსეთში, ხოლო ისინი, ვინც ცხოვრობს ან იმყოფება რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა, სანამ არსებობს კომერციული მოგზაურობის საშუალება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ისინი შიშობენ, რომ ადგილობრივმა შესაძლებელია არ აღიარონ რუსეთისა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქეობა, ასეთ პირებს კი შეუზღუდოს საკონსულო დახმარება, ხელი შეუშალოს ქვეყნიდან გასვლაში ან ომში გაიწვიოს.
რუსეთის დატოვებისკენ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს ბულგარეთი და პოლონეთიც. ორივე ქვეყანა მიმართავს მოქალაქეებს, რომ გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ქვეყნიდან რაც შეიძლება მალე გავიდნენ.
21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა "ნაწილობრივაც მობილიზაცია" გამოაცხადა. თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ომში 300 ათასამდე პირს გაიწვევდნენ, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაცია და ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ გაწვევის საბუთებს ქაოსურად არიგებენ და იმის დამტკიცება, რომ ჯარში წასვლა არ გეკუთვნის, რთულია. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ ომში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც გაიწვევენ.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები, უმეტეს წილად კაცები, რუსეთს ტოვებენ. ძირითადად ისინი ყაზახეთში, მონღოლეთში, ფინეთში და საქართველოში სახმელეთო საზღვრით გადადიან. ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე მრავალკილომეტრიანი საცობია შექმნილი.