logo
ENG



აშშ-ის ელჩი ნატო-ში - ყველა ერთად აღვუდგებით წინ რუსეთის საშინელ დანაშაულებრივ საქმიანობას

16 ივნ 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

„ჩვენ ყველა ერთად აღვუდგებით წინ ასეთ საშინელ დანაშაულებრივ საქმიანობას რუსეთის მხრიდან“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნატო-ში ქეი ბეილი ჰატჩინსონი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ალიანსი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას ეწინააღმდეგება და მოუწოდებს, მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს.

„იმედგაცრუებული ვარ, რომ შესაძლოა მსგავსი რამ ხდებოდეს საქართველოში ან სადმე სხვაგან. ჩვენ ყველა ვეწინააღმდეგებით დეზინფორმაციას და უკანონო მიტაცებას სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების, როგორც ეს მოხდა საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში. ალიანსი ისევე როგორც შეერთებული შტატები, ეწინააღმდეგება რუსეთი აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში. ნატო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ დაგმო რაც მოხდა რუსეთის მოქალაქე სკრიპალთან დაკავშირებით ბრიტანეთში. უდაოდ, თუ ეს ხდება საქართველოშიც, ჩვენ ყველა ერთად აღვუდგებით წინ ასეთ საშინელ დანაშაულებრივ საქმიანობას რუსეთის მხრიდან. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს დეზინფორმაციის კამპანია, რომელსაც აწარმოებს საქართველოში, უკრაინასა და სხვა ბევრ ქვეყანაში“, - განაცხადა ქეი ბეილი ჰატჩინსონმა.

შეგახსენებთ, გუშინ „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.


close დახურვა