აშშ-ის ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს ვაგნერის დაჯგუფების 30 ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიჭრა ან დაიღუპა.
ჯონ კირბის განცხადებით, დაჯგუფებამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა ბოლო კვირებში, დაახლოებით 9000 მებრძოლი დაიღუპა.
ომის დაწყებამდე ვაგნერში 5 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იყო, რომელთაგან დიდი ნაწილი ყოფილი გამოცდილი სამხედრო იყო.
გასულ წელს ვაგნერმა რუსეთში პატიმრების რეკრუტირება და ომში გაშვება დაიწყო. სანაცვლოდ მათ სხვადასხვა ბენეფისს ჰპირდებოდნენ.
ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელი პუტინთან დაახლოებული ევგენი პროიგოჟიანია. მას უკავშირდება ასევე ე.წ. ტროლების ქარხნის შექმნაც.
გასულ კვირას პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პატიმრების რეკრუტირებას წყვეტენ. გარდა ამისა, მან რუსეთის შეიარაღებული ძალები ვაგნერის წარმატების მითვისებაში დაადანაშაულა.
ვაგნერი არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც ოფიციალურად რუსეთის რომელიმე სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება. დაჯგუფება სავარაუდოდ 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს ჩამოყალიბდა. ცნობილია, რომ პრიგოჟინის დაქირავებულ მებრძოლებს სხვადასხვა სახმელეთო ოპერაცია ჩაუტარებიათ სირიასა და აფრიკაშიც. მათ არაერთ სამხედრო დანაშაულში სდებენ ბრალს.