აშშ-ის კონგრესის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა.
ამერიკული და ტაივანური მედიის ცნობით, პელოსის ტაიპეიში დღეს ელოდებიან, თუმცა, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ჩინეთმა ნენსი პელოსის ტაივანში სავარაუდო ვიზიტს შესაძლოა სამხედრო პროვოკაციებით უპასუხოს. პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ეს შესაძლოა მოიცავდეს რაკეტების გასროლას ტაივანთან ახლოს, ან ფართომასშტაბიან საჰაერო და საზღვაო აქტივობებს.
მისივე განცხადებით, თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ რეგიონში ჩინეთის ნებისმირი მოძრაობის მონიტორინგსა და უსაფრთხოების შენარჩუნების გეგმის უზრუნველყოფაზე.
აზიის ტურის ფარგლებში ნენსი პელოსი უკვე ჩავიდა სინგაპურსა და მალაიზიაში.
აშშ-ს და ტაივანს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტაივანი, როგორც წამყვანი დემოკრატია და ტექნოლოგიური ძალა, არის აშშ-ს მთავარი პარტნიორი ინდო-წყნარი ოკეანის არეალში.
"აშშ და ტაივანი იზიარებენ საერთო ღირებულებებს, აქვთ ღრმა სავაჭრო და ეკონომიკური და ძლიერი ადამიანური კავშირები". - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტს აპრილში გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსის გამო გადაიდო.
ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც. ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან.