აშშ-ის საელჩო სამართლიანი არჩევნების საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ISFED-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და მისი არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას.
აშშ-ის საელჩოში ამბობს, რომ ეს საკითხი კითხვებს ბადებს.
"სამართლიანი არჩევნების (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“. სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს", - წერია განცხადებაში.
***
18 აგვისტოს, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.
ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.
სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზაციის დაბლოკვა საარჩევნო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან, სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა.
ნინო დოლიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლების არგუმენტი, პოლიტიკური მიკერძოების შესახებ, რადგან "სამართლიანი არჩევნები" არასდროს ყოფილა არცერთ პოლიტიკურ მხარეს.
საკითხს ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ყველა შესაბამის NGO-ს საშუალება უნდა მიეცეს, ჩაერთოს პროცესში".