logo
ENG



აშშ-ის საელჩო: ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს

14 ოქტ 202212:28
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის საელჩო 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს, საავადმყოფოში მყოფ დაშავებულ მოზარდებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.

უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს. იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ"- წერია განცხადებაში.

გუშინ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. 

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

რაც შეეხება მეორე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც ნიუ ჰოსპიტალსში მკურნალობენ, მართვით სუნთქვაზე რჩება.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს. 

გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.


close დახურვა