logo
ENG



აშშ-ის საელჩო მოსკოვში საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

13 თებ 202315:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/13/dvc184tvwrmx179.jpg

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. მიზეზად საელჩო მიუთითებს ომის შემდგომ აშშ-ის მოქალაქეების გახშირებულ დაკავებებსა და პოტენციური შევიწროებების მცდელობებს რუსეთის მთავრობის უშიშროების ორგანოების მხრიდან.

საელჩოს განცხადებით, აშშ-ის მთავრობა რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე, მოკლებულია შესაძლებლობას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დახმარების სერვისები აშშ-ის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოსკოვში აშშ-ის საელჩოსგან შორს იმყოფებიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექტემბერში რუსეთის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში მოაბილიზა - მათი თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, არ აღიაროს ორმაგი მოქალაქეობის მქონე აშშ-ის მოქალაქეები, უარი უთხრან მათ საკონსულოს დახმარებაზე, დააქვემდებარონ მობილიზაციას, ხელი შეუშალონ მათ მიერ რუსეთის დატოვებას ან სამხედრო სამსახურში გაიწვიონ.

საელჩო მიუთითებს, რომ რუსეთში არ არის დაცული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ სოციალურ პროტესტში მონაწილეობას, ასევე, არ გადაიღონ უშიშროების პერსონალის წარმომადგენლები ღონისძიებებზე. მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო აშშ-ის არაერთი მოქალაქე უკვე დააკავა.


close დახურვა