აშშ-ის საელჩო უკრაინაში მყოფ შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში, ხოლო ვინც იქ იმყოფება, სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა.
საელჩო მიიჩნევს, რომ სარაკეტო თავდასხმებისა და აქტიური საომარი მოქმედებების გამო, უკრაინაში სიტუაცია არაპროგნოზირებადია. ასევე, საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ საჯარო ღონისძიებებს.
"მოერიდეთ დიდ ღონისძიებებს და საზოგადოებრივ შეკრებებს რადგან ისინი შეიძლება გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე უკრაინაში ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მის დასავლეთ რეგიონებში"- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ვინნიცაზე სარაკეტო იერიში გუშინ, 14 ივლისს მიიტანა.
ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა 115.
ნაციონალური პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოს თქმით, დაშავებულებიდან 52 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ასევე 3 ბავშვია დაშავებულებს შორისაც. 46 ადამიანი დაკარგულად ითვლება.