logo
ENG



აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი: ამ არჩევნებს აშშ-ს მთავრობა ყურადღებით დააკვირდება

20 ოქტ 202021:40
3 წუთის საკითხავი
 
ydfcdiduikf776u.jpg

ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორი შერილ ფერნანდესი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. ფერნანდესის კომენტარს ამერიკის ხმა ავრცელებს.

ფერნანდესის თქმით, არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული გზის მიმართ.

"კონკრეტულად კი იმ შეშფოთებების გათვალისწინებით, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო გაჟღერებული და შეეხებოდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებს, გარკვეულ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს იქნება არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ამერიკის ხელისუფლების - როგორც აღმასრულებელი შტოს, რაშიც სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID-ი და სხვები შედის, ასევე ჩვენი კონგრესის მხრიდანაც, რომელიც საკანონმდებლო-საფინანსო გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ არჩევნებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინდიკატორს", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ფერნანდესის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ზოგადად, დასავლეთთანაც. 

ფერნანდესის თქმით, აშშ-ს აშფოთებს ცნობები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა დაშინების, ჟურნალისტებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ. 

მისივე თქმით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ საქმეებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ანგარიშვალდებულება და კანონის წინაშე თანასწორობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.


close დახურვა