logo
ENG



აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: NATO-ს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღიაა

13 დეკ 202112:46
3 წუთის საკითხავი
 
NBC NEWS

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა და თუ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ალიანსში შევლენ. 

ბლინკენმა NBC NEWS-თან ინტერვიუში რუსეთის მოთხოვნა შეაფასა - რუსეთმა NATO-ს მოსთხოვა, გაუქმდეს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან.

"ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაადასტურა 2008 წელს, რომ მისი კარი ღია იყო უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც და თუ ისინი გააგრძელებენ წევრობისთვის მცდელობას და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, საქმე წინ წავა." - ამბობს ენტონი ბლინკენი

რუსეთის განცხადებას, გამოეხმაურა, ასევე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა და თქვა, რომ NATO 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-სგან მოითხოვს გააუქმოს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზე.

"ევროპული უსაფრთხოების საფუძვლიან ინტერესში უნდა იყოს, რომ დაუყონებლივ გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წევრი ქვეყნების ვალდებულებასთან არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება, სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე" - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მხარი დაუჭირეს დეკლარირებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას, რომ გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში შესვლის გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მიიღეს. ზალკალიანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ გადაისინჯება და თავად NATO-სა და საქართველოს გადასაწყვეტია, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი.


close დახურვა