აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი, 14-19 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.
მათი ცნობით, დონფრიდი თბილისს 17 ივნისს ეწვევა და პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენის თანაშემწე თბილისში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ხელისუფლების წევრების გარდა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება და მათთან ერთად უკრაინაში კრემლის მიერ არაპროვოცირებული ომსა და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას განიხილავს.
„მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამატებით დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკის გამრავალფეროვნებასა და წარმატებული მომავლის შენებაში“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
აშშ-ის უწყების ინფორმაციით, დონფრიდის ვიზიტების მიზანი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარებისადმი ერთგულების კიდევ ერთხელ ხაზგასმაა.
ვიზიტების ფარგლებში დონფრიდი ასევე გამოხატავს აშშ-ის მზაობას, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფაში და აღნიშნავს, რომ აშშ მზადაა, რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.