logo
ENG



აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

18 თებ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/18/rkvnf3miuz5siq7.jpg

აშშ-ის სენატმა ხუთშაბათს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ამერიკელი სენატორები უკრაინის დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ და გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას.

რეზოლუციაში წერია, რომ ამერიკა გმობს რუსეთის სამხედრო მობილიზებას უკრაინის საზღვართან. რეზოლუციას აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა, მისი მიღების წინააღმდეგ ხმა არცერთ სენატორს მიუცია.

„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენულობის მიმართ მხარდაჭერაში“, - განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა.

სენატის მიღებულ რეზოლუციას არ აქვს სამართლებრივი ძალა, თუმცა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსგან უკრაინის დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ ურყევი მხარდაჭერის ნიშანია.

სენატმა რეზოლუცია მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინას რამდენიმე დღეში დაესხას თავს. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მაშინ, როცა რუსი სამხედროები უკრაინის საზღვართან რჩებიან პრეზიდენტი პუტინის თავდასხმის რამდენიმე სხვადასხვა გეგმაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირის განმავლობაში სენატი ემზადებოდა რეგიონში მზარდი დაძაბულობაზე საპასუხო რეაქციისთვის. სენატორთა ნაწილი პუტინისთვის პირადი სანქციების დაწესებასაც განიხილავდა.

უკრაინას მხარდამჭერები ჰყავს სენატში და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო მზადაა, უკრაინისადმი აგრესიის შემთხვევაში მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

თუმცა იმ ფონზე, როცა დასავლეთი დაძაბულობის განმუხტვას რუსეთთან დიპლომატიური გზებით ცდილობს, სენატმა რუსეთის სანქცირების გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა და ამჯერად სენატორებმა უკრაინისადმი ერთიანი მხარდაჭერა გამოხატეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 თებერვალს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმი ზელენსკიმ მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმონ მომხდარი.

ამავე დროს, კრემლი უკრაინას დონბასში "პროვოკაციების გაძლიერებაში" ადანაშაულებს.


close დახურვა