logo
ENG



აშშ-ის სენატში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

31 მარ 202314:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/31/jm1wbtdtke45np1.jpg

ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ის სენატში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, სახელით "2023 წლის შავი ზღვის უსაფრხოების აქტი" . 

აშშ-ში უკრაინის ელჩის ოქსანა მარკაროვას ცნობით, კანონპროექტში აღნიშნულია შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს. 

კანონპროექტი სხვა რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების სახელით ჯინ შაჰინმა დააინიცირა.

დოკუმენტში გაწერილია აშშ-ის უფრო აქტიური და ქმედითი საგარეო პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში, რაც მათ შორის მოიცავს აშშ-ს, NATO-სა და ევროკავშირთან გააქტიურებულ თანამშრომლობას და ასევე ამერიკასა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამტკიცებას. 

კანონპროექტის მიღებიდან არაუმეტეს 180 დღეში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სახელმწიფო დეპარტამენტთან, თავდაცვისა და სხვა რელევანტურ დეპარტამენტებთან ერთად უნდა შეიმუშაოს “შავი ზღვის უსაფრთხოებისა და განვითარების სტრატეგია” - უწყებათაშორისი სტრატეგია, რომელიც NATO-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას და ეკონომიკურ კავშირებს გააღრმავებს, გააძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას და გაზრდის რეგიონული პარტნიორებისადმი უსაფრთხოების კუთხით დახმარებას. 

ეს კანონპროექტი, მათ შორის, მოიცავს უსაფრთხოების კუთხით დახმარების ზრდას უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ბულგარეთისა და რუმინეთისთვის. ასევე პრიორიტეტული იქნება რეგიონში რუსეთის ქმედებების დაზვერვითი ქმედებები. ამ კანონპროექტის ფარგლებში ასევე გაწერილია ერთობლივი მულტიეროვნული შტაბის შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აშშ-ის მოკავშირეებსა და შავი ზღვის პარტნიორების ერთობლივი წვრთნებისა და ყველა სამხედრო აქტივობის დაგეგმვაზე. 

კანონპროექტის მიხედვით ასევე უნდა არსებობდეს “შავი ზღვის რეგიონში რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გეგმა, რომელიც გამოიყენებს აშშ-ის ხელისუფლების რესურსებს, მათ შორის გლობალური ჩართულობის ცენტრს”.

კანონპროექტის ფარგლებში შექმნილი სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს “დამოუკიდებელი მედიისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მედია ინიციატივების ზრდას, რათა ვებრძოლოთ უცხოურ მავნე გავლენებს შავი ზღვის რეგიონში”.

 


close დახურვა