logo
ENG



აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა

04 მარ 202420:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/69uk00slnwmyheh.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ კოლორადოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც საპრეზიდენტო პრაიმერიზში დონალდ ტრამპის მონაწილეობის აკრძალვას გულისხმობდა.

ოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის შესახებ გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღო. მაშინ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე დონალდ ტრამპს არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. კოლორადოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა კოლორადოს სასამართლო უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს და მათი გადაწყვეტილება სკეპტიკურად აღიქვეს.

უკვე დღეს გამართულ სხდომაზე, სასამართლომ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. ამ გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის ხვალინდელ პრაიმერიზში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

მიიჩნევა, რომ დონალდ ტრამპი ხვალ მისი მოწინააღმდეგის, ნიკი ჰეილის დამარცხებას შეძლებს. ნიკი ჰეილი ტრამპის ადმინისტრაციის დროს, გაეროში აშშ-ის ელჩი იყო.


close დახურვა