ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი 5 ივლისის მოვლენებს და ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს, რომ ზედოზირების გარდაცვალების მიზეზად დასახელება, არასერიოზულია.
ყოფილი ელჩი ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ ადამიანს, ვისაც თავის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული, შესაძლოა, სასიკვდილო ტრავმა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაუჩნდა და შემოწმების მომენტში ის სულაც არ იყო შესამჩნევი. მისთვის ნათელია, რომ ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისს, მის სასტიკად ცემასთანაა დაკავშირებული.
"მე ექიმი არ ვარ, მაგრამ როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ის ძალიან მძიმედ იყო ნაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინში გაჩნდეს სისხლდენა, ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა. როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს?", - განაცხადა მან.
იალოვიცი ამბობს, რომ დემოკრატიული მონაპოვარი, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ნელ-ნელა ქრება და ამის მიზეზი არა მხოლოდ 5-6 ივლისის მოვლენები, არამედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია.
"ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, ეს არის მთელი სერია მოვლენებისა, სადაც დემოკრატია ნელ-ნელა სუსტდება, ნაწილ-ნაწილ. ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ყველა ის წარმატება, რომელსაც ვხედავდით ბოლო დროს საქართველოში, ასევე მცირდება ნელ-ნელა",- ამბობს იალოვიცი.
(ამერიკის ხმის თარგმანი)
TV პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.
მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ.