logo
ENG



აშშ-ის ყოფილი ელჩი ლაშქარავაზე: ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ

15 ივლ 202121:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/15/4vkhr7s85qrkzrb.jpg

ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ეხმაურება.

დიპლომატი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ შსს-ს მიერ ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირების დასახელება ყალბ ბრალდებას ჰგავს.

მისი თქმით, ასეთ ბრალდებებს ავტოკრატიულ საზოგადოებებში ხშირად იყენებენ მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ.

"ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალი წაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ", - განაცხადა კორტნიმ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დასავლურ ორიენტაციას გარკვეულწილად შორდება.

"ეს ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველოს მისწრაფებაზე დასავლეთისა და ნატოსკენ. ნათელია, რომ ახლანდელი მთავრობა არალიბერალურ ამბიციებს ავლენს ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩანს, რომ [საქართველოს მთავრობა] გარკვეულწილად, შორდება დასავლურ ორიენტაციას, თუმცა, რამდენადაა ის დაშორებული ამ გზას, ჯერ უცნობია", - თქვა უილიამ კორტნი.

ყოფილი ელჩი 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ეკლესიასაც აკისრებს: "დასავლეთში, რა თქმა უნდა, ძალიან გაწბილებული იყვნენ იმით, რომ ისე ჩანდა, თითქოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე, არატოლერანტული იყო ლგბტქ მშვიდობიანი აქტივობებისა".

(ამერიკის ხმის თარგმანი)

TV პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ.


close დახურვა