თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა ჩრდილოეთ კორეიდან შეიარაღება მიიღო. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
კირბი აცხადებს, რომ ვაგნერი ყველა გზით ცდილობს შეიარაღების მოპოვებას და თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ გასულ თვეში რუსეთში, ვაგნერის ჯგუფისთვის ქვეითი და სხვა ტიპის რაკეტები გაგზავნა.
„ვაგნერი მსოფლიოს გარშემო ეძებს იარაღის მიმწოდებლებს, უკრაინაში მისი სამხედრო მოქმედებებს მხარდასაჭერად. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაასრულა ვაგნერისთვის, რომელმაც გადაიხადა შეიარაღებისთვის, მისი პირველადი შეიარაღების მიწოდება.
გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ ქვეითი რაკეტები და რაკეტები რუსეთს მიაწოდა ვაგნერისთვის გამოსაყენებლად", - თქვა კირბიმ.
კირბის თქმით, აშშ-ის მონაცემებით, ვაგნერს უკრაინაში 50 000 მებრძოლი ჰყავს, მათ შორის 10 000 კონტრაქტორია, 40 000 კი მსჯავრდადებულები რუსული ციხეებიდან.
2022 წლის ივლისში ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს დონბასის რეგიონში სამხედრო დანაყოფების მსგავსად იყენებს.
ამ ტიპის ინტეგრაცია, დაზვერვის თქმით, ძირს უთხრის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ვაგნერის ჯგუფთან კავშირის უარყოფის ტენდენციას. ბრიტანეთის ცნობით, ვაგნერის როლი სავარაუდოდ იმიტომ შეიცვალა, რომ რუსეთს აქვს ქვეითი მებრძოლების დეფიციტი. თუმცა ვაგნერის ძალები სავარაუდოდ, ომის ტრაექტორიაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის საკმარისი არ იქნება.
30 ოქტომბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული კერძო სამხედრო ჯგუფი ვაგნერი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩართული, მებრძოლებად, სავარაუდოდ, მძიმე დაავადებების, მათ შორის შიდსისა და C ჰეპატიტის მქონე პატიმრებს ქირაობს.
აშშ-ის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის მიწოდებული იარაღის მოცულობა უკრაინაში ბრძოლის ველზე დინამიკას ვერ შეცვლის, თუმცა ასევე მოსალოდნელია, რომ ფხენიანი რუსეთს იარაღს დამატებით მიაწვდის.
ნოემბერში, მას შემდეგ რაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ფხენიანი რუსეთს ჩუმად აწვდიდა საარტილერიო რაკეტებს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ რუსეთთან არასდროს ჰქონია შეთანხმება იარაღთან დაკავშირებით და ამგვარ შეთანხმებას არც გეგმავდა.