ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტის დამტკიცებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. მათ უკრაინის დროშები აფრიალეს. ახლა პროცედურულად, კანონპროექტი განსახილველად სენატში გადაიგზავნება, რის შემდეგაც მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ჯო ბაიდენმა თავის დროზე უკვე განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელს მოაწერს.
კანონპროექტის თანახმად, 23.2 მილიარდი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება, ხოლო მაგალითად 7.85 მილიარდი პირდაპირ ფინანსურ დახმარებაზე ანუ უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებაზე.
მანამდე, წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეების მიერ შემოთავაზებული ოთხივე შესწორება უარყო, რის შემდეგაც სპიკერ, მაიკ ჯონსონის შეთავასებულ ვერსიას დაუჭირა მხარი.
წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა - მან კანონმდებლებს მოუწოდა კანონპროექტი რაც შეიძლება მალე გადაუგზავნონ.
ცნობილია, რომ სენატში კანონპროექტის განხილვა, სამშაბათს, 23 აპრილს შედგება.
8 მარტს ბაიდენი კონგრესში სიტყვით გამოვიდა - მაშინ თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მისი დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბაიდენმა თქვა, რომ დემოკრატია საფრთხეშია. მან კანონმდებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაამტკიცონ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს. ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები უკრაინას არ დატოვებს.