რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან გააძევეს. მას კორუფციასა და კამპანიის ფულის არასწორად ხარჯვაში სდებდნენ ბრალს. ეს მისი პირველი ვადა იყო კონგრესში.
სანტოსისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 311-მა კონგრესმენმა, მათ შორის რესპუბლიკელებმა, წინააღმდეგი იყო 114.
კენჭისყრამდე პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ გაძევების წინააღმდეგ მისცემდა ხმას.
2022 წლის არჩევნების შემდეგ 35 წლის სანტოსის მიმართ არაერთი ბრალდება გაჟღერდა. მან აღიარა, რომ თავისი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი გააყალბა, ხოლო ფედერალური პროკურორები მას კამპანიის სახსრების მითვისებასა და დონორების მოტყუებაში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებებში სანტოსი დამნაშავედ თავს არ ცნობს.
იგი ნოემბრის დასაწყისში გაძევების მცდელობას გადაურჩა, როდესაც 182-მა რესპუბლიკელმა და 31-მა დემოკრატმა მხარი არ დაუჭირეს გადაწყვეტილებას იმ არგუმენტით, რომ ჯერ სისხლის სამართლის საქმე უნდა იქნას განხილული.
სანტოსის გაძევებით კიდევ უფრო მცირდება რესპუბლიკური პარტიის მცირე უმრავლესობა. აწ უკვე ყოფილი კონგრესმენის ოლქი კი, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკსა და ლონგ-აილენდს მოიცავს, კონკურენტუნარიანად მიიჩნევა. ნიუ-იორკის გუბერნატორს კი 10 დღე აქვს, რათა ოლქში ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
გასულ თვეში კონგრესის ორპარტიულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ თავისი კამპანიის ანგარიშიდან სანტოსმა დაახლოებით 4000 დოლარი მოხსნა და სპა პროცედურებისთვის დახარჯა, მათ შორის ბოტოქსისთვის. გარდა ამისა, კამპანიის ფულიდან დაახლოებით 4000 დოლარი დახარჯა მაღაზია Hermes-ში და "მცირე შესყიდვები" გააკეთა OnlyFans-ზე, ონლაინპლტაფორმაზე, რომელიც სექსუალური კონტენტით არის ცნობილი.
სწორედ ამ გამოძიების საფუძველზე, რესპუბლიკელების ნაწილმა, დღევანდელ კენჭისყრაზე სანტოსის გაძევებას დაუჭირეს მხარი.
თვითონ სანტოსმა უარყო გადადგომისკენ მოწოდებები, მაგრამ განაცხადა, რომ მომავალ წელს არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებდა. სანტოსი მეექვსე კონგრესმენია, რომელიც წარმომადგენელთა პალატიდან გააძევეს. 2002 წელს დემოკრატი ჯეიმს ტრაფიკანტი იყო ბოლო კონგრესმენი, რომელიც პალატიდან გაუშვეს, რადგანაც კორუფციისთვის გაასამართლეს.
ჯორჯ სანტოსის პრობლემები ნოემბრის არჩევნების შემდეგ მალევე დაიწყო, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ მას რეალურად არ უსწავლია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში და არ უმუშავია Goldman Sachs-სა და Citigroup-ში, როგორც ამას წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამტკიცებდა. მან ასევე იცრუა თავისი ებრაული წარმოშობის შესახებ და ამომრჩევლებს განუცხადა, რომ მისი ბებია და ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს გამოექცნენ.