აშშ-მ ავღანეთიდან ევაკუაცია ოფიციალურად დაასრულა.
20-წლიანი ყოფნის შემდეგ ქვეყანა ყველა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა.
სამხედრო ძალების მეთაური და აშშ-ის ელჩი ავღანეთში იყვნენ უკანასკნელი ადამიანები, რომლებიც ავღანეთში ბოლო ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავში ავიდნენ.
"ყველა ამერიკელი სამხედრო გაყვანილია ავღანეთიდან. ამას 100%-ით ზუსტად გეუბნებით". - თქვა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა კენეტ ფრენკ მაკკენზიმ.
გენერალმა მაკკენზიმ ასევე თქვა, რომ ეს იყო "უმსხვილესი არასაომარი ევაკუაციის მისია აშშ-ს არმიის ისტორიაში".
მისი განცხადებით, აშშ-ის ჯარებს ქვეყნიდან 7 500 -ზე მეტი სამოქალაქო პირის გაჰყავდათ. ეს არ მოიცავს 5000-მდე სამხედრო მოსამსახურეს და აღჭურვილობას, რომელიც ამ მისიისთვის ავღანეთში გაიგზავნა.
"ეს იყო მონუმენტური მიღწევა". - ამბობს გენერალი მაკკენზი.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაში ქაბულიდან 80 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის 6000-მდე მოქალაქე ამერიკელი იყო.
თავის მხრივ, თალიბანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ისტორია შექმნეს.
თალიბანმა ავღნეთში ძალაუფლება საბოლოოდ 15 აგვისტოს აიღო.
ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა.
ავღანეთის დედაქალაქში თალიბანი სწორედ 15 აგვისტოს შევიდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.