logo
ENG



აშშ-მ ოთხი ბელარუსი საჯარო მოხელე საჰაერო მეკობრეობაში დაადანაშაულა

21 იან 202212:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/21/46xo81zr3h21n4j.jpg

Ryanair-ის რეისის იძულებით დასმის გამო აშშ-მ ოთხი ბელარუსი საჯარო მოხელე საჰაერო მეკობრეობაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ათენი-ვილნიუსის რეისს, რომელიც ბელარუსის ხელისუფლების მითითებით მინსკში დასვეს, რის შემდეგაც ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბრალდებები წაუყენეს ბელარუსის სანავიგაციო მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ლეონიდ ჩუროს, მის მოადგილე ოლეგ კაზიუჩიცს, ამასთან KGB-ს ორ თანამშრომელს, რომელთა სახელებიც ჩამოთვლილი არაა.

აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ბრალდებულებმა გააყალბეს ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, რათა თვითმფრინავზე კონტროლი მოეპოვებინათ. მათ აიძულეს ეკიპაჟი, კურსიდან გადაეხვია და დაშვებულიყო მინსკში, რათა ბელარუს სამართალდამცავებს შესძლებოდათ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერის, რომან პროტასევიჩისა და მისი შეყვარებულის, სოფია საპეგას დაკავება. მათ ბრალი წაუყენეს მასობრივი არეულობის მოწყობსა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მტრობის გაღვივებაში.

იუსტიციის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ქმედება არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და აშშ-ს სისხლის სამართლის კოდექსს, არამედ პოტენციურად საფრთხის ქვეშ აყენებს უდანაშაულო მგზავრებს. აშშ-ში ბრალდებულებს 20 წლიდან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც ბრალდებაშია აღნიშნული, ჩურომ პირადად შეატყობინა დისპეტჩერის სამსახურის თანამშრომლებს ყალბი საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თვითმფრინავი ათენიდან გამოფრენილი არ იყო. მანვე გასცა მითითება, რომ მფრინავისთვის მინსკში დაშვების ინსტრუქციები მიეცათ. გარდა ამისა, კაზიუჩიცმა ავიადისპეტჩერებს დაავალა, ინციდენტის შესახებ ანგარიშები გაეყალბებინათ. რაც შეეხებათ KGB-ს თანამშრომლებს, ერთ-ერთი მათგანი ბომბის შესახებ ყალბ ინფორმაციას გადასცემდა, მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა და სიტუაციის განვითარების შესახებ მეორე თანამშრომელს აცნობდა.


close დახურვა