ამერიკამ დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა დანიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა. ამ წერილში ნათქვამია, რომ აშშ ეთანხმება დანიისა და ნიდერლანდების თხოვნას უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით.
"ამ წერილით მე გამოვხატავ ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას უკრაინისთვის F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით, ასევე კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ პილოტების გადამზადების კუთხით", - აღნიშნულია ბლინკენის წერილში, რომლის შინაარსიც მედიამ მოიპოვა.
დანია და ნიდერლანდები საავიაციო კოალიციის თავმჯდომარე ქვეყნები არიან და ამერიკას ცოტა ხნის წინ სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის კუთხით გარანტიები მოსთხოვეს.