აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომშია ჩართული ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მის ტრანსნაციონალურ ქსელს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა სანქციები, რომელთა მთავარი სამიზნეც ვაგნერის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა - "მათ შორისაა ვაგნერის მიერ გამოყენებული საავიაციო კომპანია, ვაგნერის პროპაგანდის ორგანიზაცია და ვაგნერის მთავარი კომპანიები“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა:
- რუსეთის ფედერაციის პენიტენციური სამსახურის სამ თანამშრომელს, ვინც, როგორც ცნობილია, ვაგნერის ჯგუფში რუსი პატიმრების ჩარიცხვაში იღებდა მონაწილეობას.
- ვიცე პრემიერს - დენის მანტუროვს, რომელიც ასევე ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრიცაა.
- როსტოვის რეგიონის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს.
- ქსელს, რომელიც უკვე სანქცირებულ რუს ოლიგარქთანაა კავშირში.
- რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფინანსისტს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს რათა რუსეთის ფედერაციის ჯართან დაკავშირებულ იმ 531 ადამიანს დაუწესოს ვიზაზე შეზღუდვები, ვინც უკრაინაზე თავდასხმასთანაა კავშირში.
აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ სანქციები დაუწესა:
- მოსკოვის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ინდივიდებსა და კომპანიებს.
- პუტინის მოკავშირეებსა და მათ ოჯახის წევრებს.
- ორ ადამიანს, რომელიც უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის მცდელობაში მონაწილეობდა.
20 იანვარს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინარტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო რუსულ სამხედრო დაჯგუფება ვაგნერს "საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად" აღიარებს და შემდეგ კვირას მის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გაატარებს.
ვაგნერის დაჯგუფება სამხედრო ფორმირებაა, რომელსაც რუსეთში გაურკვეველი იურიდიული სტატუსი აქვს. მისი შემქმნელი და მფარველი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი და ე.წ. პუტინის მზარეულია. პრიგოჟინს უკავშირებენ ტროლების ქარხნის შექმნასაც.
როგორც ცნობილია 2014 წელს ვაგნერი უკრაინის ტერიტორიაზე, შემდეგ კი სირიაშიც მოქმედებდა.
გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვაგნერი უკრაინის ტერიტორიაზე ღიად მოქმედებს. ისინი მათ რიგებში ჩასაწერად მოხალისეებსაც ეძებენ, რაშიც უშუალოდ პრიგოჟინიც არის ჩართული.
ადამიანის უფლებების შელახვისთვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის, ევროპულმა საბჭომ ვაგნერს სანქციები დაუწესა.