აშშ-ს საელჩო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც წერს, რომ "კიდევ ერთხელ", იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ.
ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე", - წერია საელჩოს განცხადებაში.
საელჩო, ასევე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა გასულ წელს ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, ახლა კი არაფერი გაკეთებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
"ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში.
დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე", - აცხადებს საელჩო.
საელჩო უზენაესის შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, "მტკიცედ" მოუწოდებს პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება.
"დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვათა დახმარებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა.
საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა.
ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას".
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს.
გარდა ამისა, კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს.