logo
ENG



აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ადამიანის სიკვდილი

11 ივლ 202117:39
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ადამიანის სიკვდილი

აშშ-ს საელჩო საქართველოში TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა. საელჩო უსამძიმრებს ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს. 

"ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულებელყოფა აჩვენეს. ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. 

საელჩოში აღნიშნავენ, რომ ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელების დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეობდა:

"თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით. ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი".

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. მას ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. 


close დახურვა