logo
ENG



აშშ-ს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

15 თებ 202200:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/15/03p4k7clkolsj2e.jpg

აშშ-ს საელჩო უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ლვოვში გადააქვს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

ბლინკენის განცხადებით,  ეს ნაბიჯი უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების თავმოყრის "დრამატული აჩქარებით" არის განპირობებული.

14 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მათ აწვდიან ინფორმაციებს, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.

16-17 თებერვალს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალია დაგეგმილი.

ამ ეტაპზე აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები სწორედ ამ დროს არ დაიწყება. მინისტერიალს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პირადად დაესწრება.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაზვერვის მრავალი სხვადასხვა ხაზი, რუსული კომუნიკაციების ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის გარშემო განლაგებული რუსული ჯარები აძლიერებენ თავის შესაძლებლობებს, ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის, გაფრთხილების გარეშე თავს დაესხას უკრაინის დედაქალაქს, კიევს. 

"ისინი მეტად მომზადებულები ხდებიან", - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. 

CNN-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან ამ დროისთვის დაახლოებით 130 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.  მიუხედავად ამისა, აშშ რუსეთის ამ ნაბიჯებს ჯერაც არ აფასებს, როგორც "საბოლოო სამზადისს", ვინაიდან პუტინს ჯერაც აქვს დრო, შეწყვიტოს ნებისმიერი სამხედრო მოქმედებაა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.

თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.

РИА Новости-მ 12 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.


close დახურვა