ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაჰყავს მცდარია. მანვე დაამატა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში საზღვართან დამატებით 7000 სამხედრო ჩავიდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში "ნებისმიერ მომენტში შესაჭრელად" შეიძლება რუსეთმა ყალბი საბაბი გამოიყენოს.
ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ანექსირებულ ყირიმს რუსული ტანკები ტოვებენ. თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ბოლო დროს ამ რეგიონში დამატებითი ძალები განლაგდნენ.
"გუშინ რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან სამხედროები გაჰყავს. მაგრამ ახლა ვიცით, რომ ეს ტყუილი იყო", - თქვა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მათი მონაცემებით, უკრაინის გარშემო 150 ათასი რუსი სამხედროა განლაგებული.