logo
ENG



აშშ-ში გარდაცვლილთა რაოდენობა 14 700-ს აჭარბებს - კოვიდ 19 მსოფლიოს კვლავ უტევს

09 აპრ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთი, სადაც შეერთებული შტატების შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მეტი ადამიანია, აპრილის ბოლოს საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოსვლას გეგმავს. პრემიერ-მინისტრი  დღეს თითქმის ცარიელ პარლამენტში მივიდა და საგანგებო ვითარების 2 კვირით გაგრძელება მოითხოვა, რომლის შემდეგაც ქვეყანამ კარანტინის შემცირება უნდა დაიწყოს. 

ესპანეთის პრემიერის პედრო სანჩეზის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მუშაობს.

„დახმარება, რომელსაც უსაფრთხოების მხრივ ვითხოვთ, უმნიშვნელოვანესი საშუალებაა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. ჩვენ გვაქვს იმის მტკიცე დადასტურება, რომ საგანგებო მდგომარეობა მუშაობს. რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ, როდესაც მძიმე მომენტები გვქონდა, ვხედავთ, რომ პანდემია კონტროლს დაექვემდებარება. ჩვენ კოვიდ 19-ის პიკს მივაღწიეთ და გადავლახეთ და ახლოს ვართ ვითარების დეესკალაციასთან“, - განაცხადა სანჩეზმა.

ესპანეთში, კოვიდ 19-ით, 15 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.  კორონავირუსით დაღუპული მოქალაქეების ნაწილი დღეს მადრიდთან ახლოს, მუსლიმთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიაზე დასწრების საშუალება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა. მადრიდის ისლამური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ სასაფლაო უკვე ივსება. 

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის დაცარიელებულია მუდამ ხალხმრავალი ბერლინის ქუჩები. ხალხი აღარ ჩანს ქალაქის მთავარ სანახაობებთან, ბრანდენბურგის კარიბჭესთან და ალექსანდერპლაცზე. თუმცა გერმანელი ეპიდემიოლოგები, ვირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით იმედისმომცემ პროგნოზს აკეთებენ. 

ბავარიის ერლანგენის უნივერსიტეტში ახალი კორონავირუსის ყველაზე ეფექტურ სამკურანლო საშუალებად, ვირუსგადატანილი პაციენტების პლაზმას ასახელებენ. პროფესორმა ჰოლგერ ჰაქშთეინმა, რომელიც უნივერსიტეტის სისხლის გადასხმის სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, დღეს თქვა, რომ უკვე იღებენ ამ მეთოდის გამოყენებით დაავადების შემცირების, მეცნიერულად დასაბუთებულ ცნობებს.  

ერლანგენის უნივერსიტეტის პროფესორის ჰოლგერ ჰაქშთეინის თქმით, იმუნური პლაზმა დაეხმარება პაციენტებს, რადგან ის ვირუსის სპეციფიურ ანტისხეულებს შეიცავს.

„ეს იმუნური პლაზმა დაეხმარება პაციენტებს, რადგან ის ვირუსის სპეციფიურ ანტისხეულებს შეიცავს და ვირუსთან უშუალო კავშირშია. სპეციფიკური ბუნების დამსახურებით, ისინი პაციენტის ვირუსულ დაავადებაზე დადებით გავლენას ახდენენ და დღეს ეს ერთადერთი შესაძლო თერაპიაა. ჩვენ ვიღებთ მეცნიერულად დასაბუთებულ პირველ ცნობებს იმის შესახებ, რომ ამ მკურნალობით დაავადების ვადა მცირდება და სიმპტომები იკლებს“, - განაცხადა ჰაქშტეინმა.

გერმანიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 113.000-ზე მეტი შემთხვევაა, თუმცა სიკვდილიანობა ამ ქვეყანაში, მნიშვნელოვნად დაბალია. გერმანიაში 46.000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ  სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება იმუნიტეტი, მათ შორის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის ერთ-ერთ პირველ ეპიცენტრად ითვლებოდა. 

ახალი კორონავიუსი გავრცელდა ბრიტანეთის დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლებში. კოვიდ 19-ით ლონდონში ავტობუსის 9 მძღოლი და სატრანსპორტო კომპანიის 5 სხვა თანამშრომელი გარდაიცვალა. ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის მდგომარეობა, რეანიმაციაში გატარებული მესამე ღამის შემდეგ, მისი პრესმდივნის თქმით  გაუმჯობესებულია. დაუნინგ სთრითზე მინისტრები შეიკრიბნენ, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე კაბინეტის წევრებს პრესასთან არ უსაუბრიათ.   

შეერთებულ შტატებში კიდევ 6.600.000-მა ადამიანმა მიმართა ადამინისტრაციას, უმუშევრობასთან დაკავშირებული შეღავათების შესახებ. ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებული უკვე 430.000 ადამიანია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 14 700-ს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში უკვე მილიონნახევარზე მეტია. 


close დახურვა