logo
ENG



აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს

06 მარ 202401:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/06/p3esyqv0m25hyal.jpg

ამერიკის შეერთებული შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს. ეს შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე აქტიური დღეა. ამერიკელები 15 შტატში და ამერიკულ სამოაში ერთდროულად იღებენ მონაწილეობას პრაიმერიზში და არჩევენ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს.

სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს ალაბამას, ალასკის, არკანზასის, კალიფორნიის, კოლორადოს, მეინის, მასაჩუესტსის, მინესოტის, ჩრდილოეთ კარონილის, ოკლჰომოსის, ტეხასის, ტენესის, ვერმონტისა და ვირჯინიის შტატებში. დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი ალასკაში არ ტარდება.

თითოეულ შტატში გამართული შიდაპარტიული არჩევნების შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ შტატის რამდენი დელეგატი დაუჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს საერთო ყრილობაზე, რომელიც ზაფხულში გაიმართება. ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპისთვის ერთადერთი მეტოქე გაერო-ში ყოფილი ელჩი, სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილია. ნიკი ჰეილს ამჟამად ერთადერთი გამარჯვება აქვს - აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართულ პრაიმერიზში, რომელიც კვირას, 3 მარტს შედგა.

გამოკითხვაზე დაკვირვების ვებგვერდ 538-ის თანახმად, სუპერ სამშაბათს ყველა შტატში, სადაც საჯარო გამოკითხვის შედეგები ხელმისაწვდომი იყო, დონალდ ტრამპი ნიკი ჰეილის უსწრებდა.  თუმცა ნიკი ჰეილის მოკავშირეები არ გამორიცხავენ, რომ მოიპოვონ გამარჯვება ისეთ შტატებში, როგორიცაა ვირჯინია, მასაჩუსეტსი და ვერმონტი, სადაც მეტად ემხრობიან მის კანდიდატურას.

CNN წერს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აწყდება განსაკუთრებულ კონკურენციას და მოსალოდნელია, რომ დემოკრატების კენჭისყრაში გამარჯვებას მარტივად მოიპოვებს. თუმცა აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერას ისრაელის მიმართ, მოუწოდებენ ამერიკელებს, პროტესტის ნიშნად არჩევნებში საკუთარი აზრი არ დააფიქსირონ.

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა როგორც ჯო ბაიდენის, ასევე დონალდ ტრამპის კომენტარები. ბაიდენმა თქვა, რომ ის პრაიმერიზის ბოლო ხუთ საარჩევნო გამოკითხვაში იმარჯვებს და აღნიშნა, რომ მედია უგულებელყოფს გამოკითხვებს, სადაც ის ლიდერობს. რაც შეეხება ტრამპს, მან Fox News-ის დილის პროგრამის ერთ-ერთ გადაცემაში დარეკა და თქვა, რომ მიმდინარე პრაიმერიზში ყველა შტატში გაიმარჯვებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. 


close დახურვა