logo
ENG



აშშ-ში პროტესტი გრძელდება - თეთრ სახლთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს

02 ივნ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციის მიერ დაკავებისას ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მეშვიდე ღამეა, პროტესტმა სრულად მოიცვა. ატლანტაში სამსახურიდან გაათავისუფლეს 2 პოლიციელი, რომელმაც  კოლეჯის სტუდენტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა.  კადრებში ჩანს, რომ სტუდენტები მანქანიდან ტელეფონით იღებენ დემონსტრაციაზე მოქალაქეების დაკავებას. ამ დროს მათთან მიდიან პოლიციელები და მანქანის მინებს ხელკეტებს ურტყამენ. სამართალდამცველებმა მინები ჩაამტვრიეს. მძღოლის და მისი თანამგზავრი ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგ კი ელექტროშოკი გამოიყენეს და დააკავეს.

შეერთებული შტატების დედაქალაქში ამერიკის არმიის  ვერტმფრენები გამოჩნდნენ. გადაწყვეტილება ე.წ. "შავი ქორების" და "ლაკოტების" ქალაქში შემოყვანაზე ადმინისტრაციამ, საპროტესტო დემონსტრაციების გამო მიიღო. თითქმის სახლის სახურავების სიმაღლეზე ჩამოსული ვერტმფრენებით დაყენებული მტვრის და ნარჩენების ფრიალი, აქციაზე ხალხის შეკრებას ართულებდა.

პოლიციამ თეთრ სახლთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ აქცია მშვიდობიანი ჩანდა და ჯერ არც კომენდანტის საათი იყო დაწყებული. ამის გამო ვაშინგტონის მერმა პოლციელთა ქმედებას სირცხვილი უწოდა.

ძალოვანების ქმედების მიზანი ლაფაეტის სკვერის დემონსტრანტებისგან გათავისუფლება იყო, რადგან დონალდ ტრამპი ამ სკვერის გავლით, ფეხით უნდა წასულიყო წმინდა იოანეს ეკლესიაში. რამდენიმე წუთით ადრე კი მან თეთრ სახლში გამოსვლის დროს, მოუწოდა გუბერნატორებს, ეროვნული გვარდიის და სამართალდამცველი უწყებების რაც შეიძლება ბევრი დანაყოფი განათავსონ ქუჩებში. ამ რეკომენდაციაზე შტატების ან ქალაქების მიერ უარის თქმის შემთხვევაშ, ტრამპი სამხედრო ძალების გამოყენებით დაიმუქრა.

პრეზიდენტის განცხადებამ, სამხედრო ძალის გამოყენებაზე, „სიენენის“ ინფორმაციით, პენტაგონში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან თვლიან, რომ ჯარის გამოყვანის საჭიროება არ არის. გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა თქვა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. 

პოლიციის მიერ დაკავების დროს დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ოჯახმა, ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარა. შედეგი რამდენიმე ნაწილში განსხვავდება ჰენეფინის საგრაფოს მიერ მანამდე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნისგან. მათ შორის სიკვდილის დადგომაზე მეთამფიტამინით შესაძლო ინტოქსიკაციის ნაწილში.

ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებული სოლიდარობის აქციები სხვა ქვეყნებში ჩატარდა. მოქალაქეები ნიდერლანდებში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნების ქალაქებში შეიკრიბნენ და ანტირასისტულ პროტესტს მხარი დაუჭირეს.


close დახურვა