ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას სანქციების მოხსნას სთავაზობს. ეკონომიკური შეზღუდვები იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ოპოზიცია და ნიკოლას მადუროს სოციალისტური პარტია დროებით მთავრობას შექმნიან, რომელშიც თავად მადურო წარმოდგენილი არ იქნება.
განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. მაიკ პომპეოს განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ამ გეგმის შესრულება, რასაც ქვეყანაში დემოკრატიული არჩვენების ჩატარება მოჰყვება, ვენესუელას ამერიკის მკაცრი სანქციებისგან გათავისუფლების თანმიმდევრული გზას წარმოადგენს. მისივე თქმით, ნიკოლას მადუროსა და მისი მოკავშირეების თანამშრომლობის შემთხვევაში სანქციები ნავთობის სექტორზეც მოიხსნება.