ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, საკუთარი მოქალაქეები ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს უფლება ექნებათ, ისარგებლონ გემით, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან 16 ოქტომბერს გავა. მგზავრობა დაახლოებით 10-დან 12 საათამდე გაგრძელდება.
განცხადების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები თავად იქნებიან პასუხისმგებლები, ქალაქ ჰაიფამდე მისვლა, შემდეგ კი კვიპროსიდან გამგზავრება უზრუნველყონ.
ისრაელმა 13 ოქტომბერს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მეორე დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ტერიტორიისკენ გადაადგილების შესახებ ხელახლა მოუწოდეს - IDF-ის პრესსპიკერმა მოსახლეობას ურჩია, ეს მათივე უსაფრთხოებისთვის გაეკეთებინათ, რადგან თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად, ჰამასის ლიდერებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.
ევაკუაციის გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა გარკვეული ჯგუფების, მათ შორის დასავლელი ლიდერების მხრიდან. მაგალითად, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელის მითითება ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე, შესასრულებლად შეუძლებელია.