შეერთებული შტატები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ახალ სწრაფ ტესტებს გამოიყენებს. კომპანია „ებოტმა" შესაბამისი უწყებისგან უკვე მიიღო თანხმობა ტესტების მასობრივ წარმოებაში ჩასაშვებად. ახალი ტესტს შეუძლია, ვირუსზე დადებითი პასუხი 5 წუთში აჩვენოს, უარყოფით შედეგს კი 13 წუთი სჭირდება.
ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ მომავალი კვირიდან დღეში 50 ათასი ტესტის გაყიდვას დაიწყებენ. შეერთებული შტატების ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა. ინფიცირებულთა რიცხვი 123 ათასს, დაღუპულთა რაოდენობა კი 2 200-ს აჭარბებს.
დონალდ ტრამპი ყველაზე დაზარალებულ, ნიუ-იორკის შტატში სავალდებულო კარანტინის გამოცხადებას აპირებდა, თუმცა გუბერნატორის კრიტიკის შემდეგ, პრეზიდენტმა გეგმა შეცვალა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეგიონში მხოლოდ მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება.