აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქება ან სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. Reuters-ის წყაროს ცნობით, როდესაც სილუანოვმა საერთო ინტერესების სფეროებზე საუბარი სცადა, ბესენტმა სიტყვა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ „ომის დასრულებამდე შესაძლებელი არაფერია“.
შეხვედრა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ ეშვილში, „დიდი ოცეულის“ (G20) ფინანსთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შედგა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბესენტმა რუს კოლეგასთან უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივები და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ განიხილა.
თავის მხრივ, რუსეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
