აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთი გეგმავს უკრაინა თავდასხმაში დაანაშაულოს, რისთვისაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის ფალსიფიცირებულ მიზეზს შექმნის. როგორც აღნიშნავენ, ერთ-ერთ ვარიანტად რუსეთი განიხილავს უკრაინის მხრიდან თავდასხმის ინსცენირებასა და გაყალბებული ვიდეოს შექმნას.
"ვიდეო გავრცელდება იმისთვის, რომ ხაზი გაესვას რუსეთის უსაფრთხოების საფრთხეს და გაამყაროს სამხედრო ოპერაცია. ამ ვიდეომ, თუ ის გასაჯაროვდება, შესაძლოა პუტინს მისცეს ნაპერწკალი, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები გაამართლოს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.
აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ოპერაცია, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ არის დაგეგმილი, გაავრცელებს დონბასში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის, სამხედრო ტექნიკისა და ცხედრების გაყალბებულ სურათებს, რათა უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ აღშფოთება გამოიწვიოს. ოფიციალური პირების ვარაუდით, ეს შეიძლება უკრაინაზე თავდასხმისთვის იქნას გამოყენებული და ოპერაციის ფარგლებში გადაიღონ და გაავრცელონ, თავდასხმის გაყალბებული ვიდეოც.
ამავე დროს, მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც რუსეთი განიხილავს და ასაჯაროებენ მას, რათა გადააფიქრებინოს მოსკოვს არჩეული გეზი.
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აშშ-ს განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი ბრალდებები წარსულშიც გაჟღერებულა, თუმცა "ამისგან არაფერი გამოვიდა".
უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.
12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით.
თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება.
ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს.
ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია.
გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.