ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის გამო და გმობს მას.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტივენ ბიგუნი ტელეფონით ელაპარაკა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოჰრაბ მნაცაკანიანს, რათა დაერწმუნებინა ისინი, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, გამოიყენონ, მათ შორის, არსებული პირდაპირი საკომუნიკაციო კავშირები შემდგომი ესკალაციის და უშედეგო რიტორიკის თავიდან ასაცილებლად და ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას.
ასევე, აშშ აცხადებს, რომ მესამე მხარე კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს.
"შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ დამატებითი მხარის კონფლიქტში ჩართვა უსარგებლოა და მხოლოდ გააძლიერებს რეგიონში არსებულ დაძაბულობას. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმუშაონ მინსკის თანათავმჯდომარეებთან, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების ფორმატს. როგორც ეუთოს მინსკის ფორმატის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, მზად არის, დაეხმაროს მხარეებს, კონფლიქტი მშვიდობიანად და მდგრადად მოაგვარონ". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გუშინ, 27 სექტემბერს გამწვავდა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
სომხეთის მხრიდან დაღუპულია 16 ჯარისკაცი, ასევე, სამოქალაქო პირები, მათ შორის, ბავშვი და ქალი.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა განცხადება 27 სექტემბრის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეფეჯ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს.
ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.