logo
ENG



აშშ უკრაინას დამატებით 4 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას, HIMARS-ს გადასცემს

20 ივლ 202217:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/20/98fm2ij8eupxvm2.jpg

აშშ უკრაინას დამატებით 4 ერთეულ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS) გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინელ მოკავშირეებთან ვირტუალური შეხვედრისას განაცხადა.

ოსტინის თქმით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს საარტილერიო მასალებსა და ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გამშვებ სისტემებს.

HIMARS უკრაინის არსენალში არსებული საბჭოთა პერიოდის არტილერიასთან შედარებით უფრო შორ მანძილზე, მეტი სიზუსტით ისვრის.

„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციური გზების მოძებნას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების მამაც ქალებსა და კაცებს გრძელვადიანად მივაწოდოთ დახმარება და ჩვენს დახმარებას მოვარგებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ტექნოლოგია, ტყვია-წამალი და ცეცხლსასროლი ტექნიკა რათა თავი დაიცვან“ - განაცხადა ოსტინმა.

დასავლეთი უკრაინას შორ მანძილზე სასროლი მძიმე არტილერიითა და ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემებით ეხმარება, რათა რუსული არტილერიის რაოდენობრივი უპირატესობის წინაშე მყოფ კიევს დაეხმაროს.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ლოჯისტიკურ და ტყვია-წამლის 30 საწყობზე იერიში დასავლეთის მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემებით წარმატებით მიიტანა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ამ კვირის დასაწყისში რუს გენერლებს უბრძანა, რომ კონცენტრირდნენ უკრაინის შორს მანძილზე სასროლი რაკეტებისა და საარტილერიო იარაღის განადგურებაზე. ეს განკარგულება რუსეთმა მას შემდეგ გასცა, რაც უკრაინამ დასავლეთიდან მიღებული მძიმე შეიარაღება რუსეთის მარაგებზე თავდასხმისთვის გამოიყენა.

HIMARS მაღალტექნოლოგიური, მსუბუქი რაკეტის გამშვებია, რომელიც ბორბლებზეა დამონტაჟებული, რაც მას ბრძოლის ველზე მეტ სისწრაფესა და მანევრირების შესაძლებლობას აძლევს.

აშშ-მ უკრაინას HIMARS სისტემები ივლისის დასაწყისშიც გაუგზავნა. ახალი პაკეტით გათვალისწინებული იარაღის გაგზავნის შემდეგ აშშ-ის მხრიდან უკრაინაში გაგზავნილი HIMARS-ს სისტემების საერთო რაოდენობა 16-მდე გაიზრდება.

აშშ-მ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ქვეყნის დასახმარებლად ჯამში 8 მილიარდამდე დოლარი გამოყო.

 

close დახურვა