logo
ENG



აშშ უკრაინისთვის $2 მლრდ-იან პაკეტს ამზადებს, რაც შორი მანძილის რაკეტებსაც მოიცავს - Reuters

01 თებ 202308:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/bmq5jp4j9tlmicx.jpg

გამოცემა Reuters-ის ცნობით, აშშ უკრაინისთვის დამატებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს, რაც სხვა იარაღებთან და ტყვია-წამალთან ერთად, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსაც მოიცავს.

გამოცემას ინფორმაცია აშშ-ის ხელისუფლებიდან 2-მა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა.

დახმარების შესახებ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. ასევე მოსალოდნელია, რომ ეს სამხედრო დახმარება მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დიდი სიზუსტის ტყვია-წამალს, და ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს.

Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ პაკეტი, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ $1.725 მილიარდი იქნება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფონდიდან გამოიყოფა. ეს კი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, მისცემს შესაძლებლობას, რომ შეიარაღება მწარმოებლისგან იყიდონ და არა აშშ-ის იარაღის მარაგებიდან.

USAI კი, როგორც ცნობილია, შეიძენს ახალ იარაღს, ხმელეთიდან გასაშვებ მცირე დიამეტრის ბომბს GLSDB-ს, რომელსაც კომპანია Boeing აწარმოებს. ამ ბომბის სროლა 150 კმ-ის მანძილიდან შეიძლება. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას უარი უთხრა 297 კმ-ის რადიუსის მქონე ATACMS-ის რაკეტებზე.

მწარმოებლის ცნობით, GLSDB-ს გზამკვლევად  GPS-ს იყენებს, მას შეუძლია გადალახოს ელექტრონული შეფერხებები, მისი გამოყენება ნებისმიერ ამინდში შესაძლებელია და ასევე გამოიყენება ჯავშანტრანსპორტის წინააღმდეგ.

ერთ-ერთი ოფიციალური წყარო გამოცემასთან აცხადებს, რომ USAI-ის ფონდს ასევე გამოიყენებენ HAWK-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების, დრონსაწინააღმდეგო სისტემების, არტილერიის საწინააღმდეგო სისტემებისა და საჰაერო დაზვერვის რადარებისთვის, ასევე საკომუნიკაციო აღჭურვილობის, PUMA-ს დრონების და Patriot-ისა და Bradley-ის სისტემების ნაწილების შესაძენად.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს დაახლოებით 3 საველე საავადმყოფოსთვის სამყოფ სამედიცინო აღჭურვილობას.

Reuters-ის ცნობით, USAI ფონდის გარდა, 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საპრეზიდენტო ფონდიდან გამოიყოფა (Presidential Drawdown Authority funds), რაც ბაიდენის ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს საგანგებო სიტუაციებში თანხები აშშ-ის მიმდინარე აქტივებიდან გაიღოს.

ინფორმაციაზე თეთრ სახლს კომენტარი არ გაუკეთებია.


close დახურვა