logo
ENG



აშშ უკრაინისთვის გადასაცემად პოლონეთისგან საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაზე უარს ამბობს

09 მარ 202214:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/83l0o1yl5nqfsmv.jpg
Kacper Pempel / Reuters

აშშ NATO-ს წევრი პოლონეთისგან საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაზე უარს ამბობს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ გეგმავს უკრაინისთვის იარაღების გადაცემის პროცესი დააჩქაროს, პენტაგონი აცხადებს, რომ NATO-დან ომის ზონაში საბრძოლო ხომალდების შესვლა სერიოზული საფრთხის საფუძველს აჩენს.

"ჩვენთვის ბუნდოვანია რა გონივრული დასაბუთება აქვს ამას. ჩვენ გავაგრძელებთ პოლონეთთან და NATO-ს სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს ამ საკითხის გარშემო და იმ ლოჯისტიკურ სირთულეებზე, რაც მას მოაქვს. მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ პოლონეთის შემოთავაზება გონივრულია", - აცხადებს, პენგატონის სპიკერი ჯონ კირბი.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი ყველა გამნადგურებელი MIG-29 რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, რომელიც გერმანიაში მდებარეობს და აშშ-ის მთავრობის განკარგულებაშია.

პოლონეთმა ალიანსის სხვა წევრებსაც მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გააკეთონ იგივე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატი ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ეს ამერიკისთვის მოულოდნელი შემოთავაზებაა.

„ჩემი ინფორმაციით, ეს ამ დრომდე არ იყო განხილული, რომ ჩვენთვის ამ თვითმფრინავების გადმოცემას აპირებდნენ.

მე ვფიქრობ, რომ ეს პოლონეთის მხრიდან მოულოდნელი ნაბიჯია.

პოლონეთი NATO-ს ალიანსისგან სრული საჰაერო უსაფრთხოებით სარგებლობს. მნიშვნელოვანია შევაფასოთ რა არის პოლონეთის მყისიერი საჭიროებები, როგორც კონფლიქტის მეზობლის”, -  განაცხადა პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე NATO აცხადებდა, რომ არ სურს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაერთოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი გამორიცხა უკრაინაში საბრძოლველად ამერიკელი სამხედროების გაშვება. იმავე პოზიციაზე იყო პოლონეთიც, ის უკრაინას თავდაცვის იარაღებით ეხმარებოდა და აცხადებდა, რომ თვითმფრინავებს არ გაგზავნიდა, რადგან ის კონფლიქტის მონაწილე არაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ამ კვირაში ქვეყნები გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმის იარაღების შეთავაზება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.


close დახურვა