logo
ENG



აშშ ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას თვითმფრინავებიდან ჩამოაგდებს

02 მარ 202412:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/02/di95noaa5zrrmzi.jpg

აშშ უახლოეს დღეებში ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა.

ბაიდენმა, რომელმაც ეს განცხადება იტალიის პრემიერ მინისტრ ჯორჯია მელონთან ერთად გააკეთა, თქვა, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში საკმარისი რაოდენობის დახმარება არ დაუშვა.

"სიმართლე ისაა, რომ დახმარება, რომელიც ღაზაში შედის, თითქმის საკმარისი არაა. სასწორზე უდანაშაულო ადამიანებისა და ბავშვების სიცოცხლე დგას. ჩვენ უნდა შევიყვანოთ ასობით სატვირთო მანქანა და არა რამდენიმე", - განაცხადა ბაიდენმა.

ჰაერიდან დახმარების მიწოდებაზე საუბრისას ბაიდენმა დაამატა: "ყველაფერს გავაკეთებთ".

POLITICO-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ თვითმფრინავებიდან დახმარების ჩამოგდებაზე საუბარი ბოლო რამდენიმე კვირაში გააქტიურდა, რადგანაც ჰუმანიტარული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. თუმცა მაღალჩინოსნის თქმით, ხუთშაბათის მოვლენები, როდესაც ღაზაში დახმარების მიღებისას ათობით პალესტინელი მოკლეს, საბოლოო ბიძგად იქცა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოგდება საშიში მისიაა არა მხოლოდ საფრენი აპარატისთვისა და ეკიპაჟისთვის, არამედ დახმარების მიმღები ადამიანებისთვისაც.

"რამდენიმე სამხედრო ოპერაცია, რომელიც უფრო რთულია, ვიდრე ჰაერიდან დახმარების ჩამოგდება. ეს მძიმე სამხედრო მისიაა", - განაცხადა კირბიმ.


close დახურვა