აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კორუფციისთვის სანქციებს უწესებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
"დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს და გააგრძელებენ იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.
"ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.
პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (თავი 7031(c)) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა:
"[პერსონალურ სანქციებზე] ზოგადად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ - თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად?
ერთი ასეთი ლექსია:
"არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა,
ცხოვრებამ ოხერ-ტიალმა ბევრჯერაც მიმტრო, მიშარა,
თვალამღვრეული დავდივარ, მიშავ და არა მიშავ რაა", - ამბობდა მურუსიძე.