logo
ENG



"თქვენ პოეზია გიყვართ?" - პერსონალურ სანქციებზე კითხვას მურუსიძე ლექსით პასუხობს

01 სექ 202114:18
3 წუთის საკითხავი
clock 3079
ფოტო: რადიო თავისუფლება

ე.წ კლანის წევრი, გავლენიანი მოსამართლეები არ ფიქრობენ, რომ მათ რამე წვლილი მიუძღვით ევროკავშირის მხრიდან 75-მილიონიანი დახმარების შეჩერებაში. 

არადა, სწორედ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, ანგარიშვალდებულება და ხარისხია ის პრობლემები, რის გამოც ევროკავშირმა დახმარების შეჩერებაზე ლაპარაკი დაიწყო. 

კლანის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, ლევან მურისიძე ამბობს, რომ ის ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

ამასთან, მურუსიძემ ევროკავშირის მხრიდან პერსონალური სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ დასმულ კითხვას ლექსით უპასუხა:  

"პირადად რაც შემეხება, იმაზე გაგცემთ პასუხს. პერსონალურ სანქციებზე საშიშროებას ვხედავ თუ არა - კომენტარს ვერ გავაკეთებ.

 მე ხომ მოსამართლე ვარ, ვიხილავ საქმეებს. პოლიტიკურ თემებზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. არ ვარ საქმის კურსში, არ მეხება. 

[პერსონალურ სანქციებზე] ზოგადად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ - თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად? 

ერთი ასეთი ლექსია: 

"არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა, 

ცხოვრებამ ოხერ-ტიალმა ბევრჯერაც მიმტრო, მიშარა, 

თვალამღვრეული დავდივარ, მიშავ და არა მიშავ რაა". - თქვა ლევან მურისიძემ ფორმულას ჟურნალისტის კითხვების პასუხად.  

ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. 

მმართველი გუნდის წევრების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს სესხია, რომლის საჭიროება და აღების სურვილიც საქართველოს თავად არ აქვს, დახმარების არგადმორიცხვის მიზეზი გაუტარებელი რეფორმებია. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

***

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსიაღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკიტხზე გააფრთხილა.

რაც შეეხება სამართლო სისტემის რეფორმას - არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა. 

შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. 

9 ივლისს ეუთო/ოდირმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.


close დახურვა